პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას დღეიდან იწყებს, რომელიც 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 24 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებიც პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით.
სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით, რაც წამყვან ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტის ათვისების საფუძველზე, ყველა მსურველს მისცემს საშუალებას, გახდეს კონკრეტული დარგის პროფესიონალი და დასაქმდეს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია, გამოავლინოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარები და შესაძლებლობები. შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა კი უნდა მიმართოს თავად დაწესებულებას და დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურა გაიაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები