ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა

     პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პირადად მიულოცა. მარნეულში ჩასულმა პრემიერმა მოსახლეობას მიმართა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულმა მარნეულელმა ოჯახმა კეთილდღეობა იგრძნოს.
“გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ამ ლამაზ დღესასწაულს, ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის, განახლების სიცოცხლის და სიყვარულის დღეს. მე ვუერთდები დღეს თქვენს ზეიმს მთელი გულით, ვიზიარებ ამ თქვენს სიხარულს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთად შრომობდნენ, ერთად ემსახურებოდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირს და ლხინს. ასე იყვნენ ჩვენი წინაპრები. მე მჯერა, რომ ჩვენი შვილებიც გააგრძელებენ ჩვენს ტრადიციას. თქვენ ხართ განსაკუთრებული ხალხი, განსაკუთრებით მშრომელი ხალხი, სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებთ მთლიანად საქართველოს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და პირადად მე ძალღონეს არ დავიშურებ, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენი ეს შრომა დავაფასო ადეკვატურად. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ისიც დასძინა, რომ მას სურს საქართველოში მარნეულში მცხოვრები ოჯახების შვილებს ჰქონდეთ სწავლისა და განვითარების პირობები და მოხარულია, რომ ახალგაზრდობა მონდომებულია, იცოდეს ქართული.
“ჩვენ გვინდა, ჩვენს სამშობლოში თქვენს შვილებს ჰქონდეთ სწავლისა და განვითარების პირობები. მიხარია, რომ აქაური ახალგაზრდობა ძალიან მონდომებულია იცოდეს ქართული ენა. მინდა ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ჩაერთონ სახელმწიფო ენის შესწავლის პროექტებში. ქართული ენის ცოდნა მათ სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში უმაღლესი განათლების მიღებაში დაეხმარებათ და საბოლოოდ ისინი შეძლებენ, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მშენებლობაში. მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული და სტრატეგიული მეგობარია. ვიცი, რომ თქვენთვის ერთნაირად ძვირფასია საქართველო და აზერბაიჯანი. დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ქართველებს ერთი ქვეყანა გვაქვს, ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს, ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები