ლევან მამალაძე: მარგველაშვილი დღესაც იმყოფება სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ

მარგველაშვილს კონსტიტუციური უფლება აქვს, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა მან არც კი განიხილა ეს საკითხი,- ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში, დონეცკიდან „სკაიპით” ჩართვისას, მისი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღემდე მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ არის.
„მოვამზადეთ უამრავი მასალა, სადაც დასაბუთებული იყო ჩემ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა და ეს პაკეტი გადაეცა მარგველაშვილს. წინასწარ ვიცოდით, რომ მარგველაშვილი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ და ჩვენმა მხარდამჭერებმა 1200-კაციანი მანიფესტაცია მოაწყვეს პრეზიდენტის მხარდასაჭერად, რომ მას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად, გადაეწყვიტა ჩემი საკითხი. მარგველაშვილს კონსტიტუციური უფლება აქვს, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა მან არც კი განიხილა ეს საკითხი. კანონიც დაარღვია, ვინაიდან ერთი თვის ვადაში პასუხი არ გაგვცა.
შემდეგ მე მოვიპოვე მისი ტელეფონის ნომერი და დავურეკე, ვუთხარი: გიორგი, ლევანი ვარ, მამალაძე, მითხარი, რა ხდება შეწყალებასთან დაკავშირებით-მეთქი. მან ოფიციალური დაიჭირა და მეუბნება – იცით რა, მე ვიხილავ მხოლოდ პატიმრების საკითხსო. კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პატიმრების საკითხს განიხილავს, არამედ წერია, რომ მსჯავრდებულის საკითხს განიხილავს. მარგველაშვილმა მითხრა, შენი საკითხი პოლიტიკურია და მე ამ პოლიტიკურ სიტუაციებში ვერ ჩავერთვებიო, რაზეც ვუპასუხე, თუ თვითონ ამბობ და აღიარებ, რომ პოლიტიკურია, რა გამოდის, შენ შეგიძლია, მკვლელი შეიწყალო და პოლიტიკური მოტივაციით დევნილი არ შეიწყალო-მეთქი?! ისიც დავუფიქსირე, რომ ჩემი მიზანია, ჩამოვიდე და ღია სასამართლო გავმართო. „არა, მე ამას ვერ ვიზამ, პოლიტიკური საკითხიაო”, – განმიცხადა. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ იგი სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშაა, რაზეც მიპასუხა: როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ, მე ჩემი პირადი პოზიცია მაქვსო. საუბარი დავამთავრეთ იმით, რომ ვუთხარი, თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ და მოვა დრო, ერთმანეთს გავუსწორებთ თვალს-მეთქი”, – განაცხადა ლევან მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები