საქართველოს მთავრობა სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მთავრობის სხდომაზე სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრებს.
“ასურეთში არის გერმანული უნიკალური არქიტექტურა, ძველი გერმანული სოფელი, გერმანული სახლები, ასევე გერმანელთა საფლავები და ჩვენ ვაპირებთ გაისად დავიწყოთ უკვე სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება ლუთერანული ეკლესიის სრული რეაბილიტაცია, ასევე ძველ იერსახეს დავუბრუნებთ გერმანულ სახლებს. მოვაწესრიგებთ საფლავებს, გზებს, განათებებს იმისთვის, რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიული კულტურული ადგილი არა მარტო გერმანელებისთვის, არამედ სხვა ტურისტებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება.
ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტში გერმანიის საელჩო უკვე ჩართულია.
“ვესაუბრეთ გერმანიის საელჩოს და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ასევე ჩავრთეთ ჩვენი საელჩო გერმანიაში. სოფელთან ახლოს არის მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული უნიკალური ღვინის ქარხანა ძალიან საინტერესო საცავებით. მისი მფლობელი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ის თანახმაა, ინვესტირება განხორციელდეს. იმედია, მალე მოვძებნით გერმანელ ინვესტორს. რატომღაც მაინცდამაინც გერმანელი ინვესტორი მინდა”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრის თქმით, იქ, სადაც ადრე ვენახები იყო გაშენებული, ახლა ხორბალი და ქერია დათესილი და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყურძნის კულტურა აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები