ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზა 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რის გამოც ის ნალექიან ამინდში თითქმის გაუვალი ხდებოდა.

“აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყო. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს: სააკაძეს, მარტყოფს და ნორიოს ერთმანეთთან და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან აკავშირებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან – მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთანაც მიდის და ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს და აშენდება კიდევ ერთი სახიდე გადასასვლელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 333 ათას 330 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები