აშშ-ს კონგრესმენი: რუსეთის დაშინების წინააღმდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უნდა შევთავაზოთ

ამერიკელმა კონგრესმენმა, ტედ პომ კონგრესის სესიაზე საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საქართველოსთან კავშირები უნდა განმტკიცდეს, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებებია.
ტედ პომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებაც გაავრცელა, რომლის თარგმანსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“შეკავების საუკეთესო საშუალება, რაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევთავაზოთ, არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც წარსულში ევროპის ქვეყნების დასაცავად გამოვიყენეთ რუსეთის მხრიდან დაშინების წინააღმდეგ – ეს ნატოში გაწევრიანებაა,“- წერია განცხადებაში.
ტედ პო ასევე წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს სრული მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ტედ პოს აზრით, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანება პრიორიტეტული უნდა იყოს. კონგრესმენის აზრით, საქართველოს მხარდაჭერა ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
„როგორც საქართველოს სხდომის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენ ჯერალდ კონოლისთან ერთად, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ვისაუბრო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.
ჩვენი პარტნიორი საქართველო დემოკრატიისა და კაპიტალიზმის იმედის შუქურაა აღმოსავლეთ ევროპაში. არასტაბილურ რეგიონში საქართველო შეუჩერებლად მიისწრაფვის დემოკრატიისა და თავისუფლების იდეოლოგიის გასავრცელებლად. მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
საქართველომ დაამტკიცა, რომ სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. აშშ-ის ვაჭრობა საქართველოსთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა და საქართველო განაგრძობს დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გაძლიერებას. ამ პროგრესის ფონზე აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. 2012 წელს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საქართველო და აშშ შეთანხმდნენ მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად, მათ შორის განიხილებოდა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებაც. დროა, ეს იდეა რეალობად ვაქციოთ.
კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები საქართველოსთან, არის რუსეთის მზარდი აგრესია რეგიონში. 2008 წელს მე ვიმყოფებოდი საქართველოში და ვნახე, თუ როგორ დაგორავდნენ რუსული ტანკები საქართველოში და როგორ განახორციელა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 25%-ის ოკუპაცია. ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ პუტინის რადიკალური გეგმა მომავალში კიდევ გაგრძელდებოდა და ჩვენს მოკავშირეებს დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი. რუსეთის შეჭრა უკრაინაში კიდევ ერთი მაგალითია, რომ პუტინის სურვილი, დაიპყროს ქვეყნები დაუკმაყოფილებელია. შეკავების საუკეთესო საშუალება, რაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევთავაზოთ, არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც წარსულში ევროპის ქვეყნების დასაცავად გამოვიყენეთ რუსეთის მხრიდან დაშინების წინააღმდეგ – ეს ნატოში გაწევრიანებაა. დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრული მხარდაჭერა გამოხატოს, რათა დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს.
მიუხედავად რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. საქართველომ ყველაზე დიდი წვლილი გაიღო ავღანეთის მისიისთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ნატოს არაწევრმა ქვეყანამ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იბრძოდნენ და ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ მათი მამაცობა და თავგანწირვა. საქართველოს წინსვლა ნატოში ინტეგრაციის გზაზე უნდა იყოს ნატოს მომავალი ზაფხულის კონფერენციის პრიორიტეტი.
ბატონო სპიკერო, ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობა. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, მხარი დავუჭიროთ ამ მოკავშირეს და ჩვენი ვალია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ხელს ვუწყობთ ჯანსაღ და ურთიერთმომგებიან პარტნიორობას“, – აღნიშნულია კონგრესის ოქმში.

12325443_10153339256519779_1162480900_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები