“ინდური წარმოების მედიკამენტების დიდი ნაწილი სანდო და ხარისხიანია“
ჯენერიკ-მედიკამენტების ხარისხსა და მათი გამოყენების საკითხს თერაპევტი ლალი ხუსკივაძე გამოეხმაურა:
“ჯენერიკებს, ძირითადად, ვნიშნავთ პაციენტების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
გაიდლაინებში მითითებულია მათი გამოწერა, როგორც უფრო ხარჯთეფექტური, თუმცა ორიგინალი პრეპარატი, რომლის მიხედვითაც იქმნება ჯენერიკი, რასაკვირველია, უკეთესი შედეგიანობით და ეფექტურობით ხასიათდება. თუმცა ზოგიერთი ჯენერიკი ძალიან კარგი ხარისხით გამოირჩევა და ეფექტურია, ამისთვის კი აუცილებელია მეიდკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რაც საზოგადებაში ჯენერიკების მიმართ ნდობას გაზრდის. გარკვეული დასახელების ჯენერიკების მიმართ უფრო მეტი ნდობა მაქვს, ისევ პრაქტიკიდან გამომდინარე. მაგრამ თუ პაციენტის ეკონომიკური შესაძლებლობა იძლევა ამის საშუალებას, მაინც ბრენდს ვუნიშნავ“.
გარდა ამისა, ექიმი მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებსაც შეეხო და აღნიშნა, მედიკამენტების ხარისხს არა ქვეყანა, არამედ ფარმაცევტული საწარმოს კვალიფიკაცია და მედიკამენტების წარმოების სტანდარტების დაცვა განსაზღვრავს. „ძალიან ბევრი ინდური წარმოების მედიკამენტია, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა და ეფექტურობითაც გამოირჩევა. თანაც, ნედლეულიც კარგი აქვთ, ამიტომ მთავარია, რომ პრეპარატმა აჩვენოს შედეგი და ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი”, – აღნიშნა ლალი ხუსკივაძემ.