„აუცილებელია, გამგეობებს თანხები გაეზარდოთ და ბიუჯეტი უფრო დეცენტრალიზებული გახდეს“

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს ელოდებიან. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დავით ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ მასში გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რომელიც საკრებულომ მერიას გადაუგზავნა.
როგორც ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ბიუჯეტის მიმართ „რესპუბლიკელების“ ფრაქციას ორი მთავარი შენიშვნა ჰქონდა. საკრებულოს დეპუტატები გამგეობებისთვის თანხების გაზრდას და ბიუჯეტის დეცენტრალიზებას მოითხოვენ.
„ველოდებით, რამდენად არის გათვალისწინებული ჩვენი შენიშვნები. რამდენადაც ვიცი, გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებულია, მათ შორის ეკოლოგიაზე ხარჯების გაზრდა. ჩვენ ორი პრინციპული შენიშვნა გვქონდა, ერთი ის, რომ მეტი თანხა უნდა მიეცეთ გამგეობებს, ძალიან კარგია, რომ ბიუჯეტი პროგრამულია, მაგრამ უფრო დეცენტრალიზებული უნდა იყოს. რაც მეტი დატვირთვა აქვთ გამგეობებს, მით უფრო ეფექტურია მუშაობა. თანხების ათვისების მაჩვენებელსაც თუ ვნახავთ, გამგეობებს თითქმის 100%-ით აქვთ ბიუჯეტი ათვისებული. ამიტომაც გვგონია, რომ გამგეობებს მეტი უნდა მიეცეთ და გარკვეული ფუნქციები გაეზარდოთ“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ბიუჯეტის წარდგენას, ზურაბიშვილის განცხადებით, შესაძლოა, დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი მერმა თავად წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები