ლევან ბერძენიშვილი: პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს

საქართველოში, რომელიც არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია, – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას.
ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოში არ განხორციელდება. “საქართველოში, რომელიც არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ჩემი ღრმა რწმენით, სწორი არ არის და ის ვერ განხორციელდება. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა მიმართა თხოვნით, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები