საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმში ახალი შენობა ექნება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმში ახალი შენობა ექნება. უწყებისთვის განკუთვნილ შენობას საძირკველი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, ჩაუყარა.
მშენებლობა 2016 წლის ივნისში დასრულდება.
ადმინისტრაციის 104 თანამშრომლისთვის თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო მოეწყობა, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდასა და დარგის განვითარებას უზრუნველყოფს.
შენობის პროექტზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ქართული კომპანია, რომელიც ორიგინალური არქიტექტურის პროექტს ააგებს ბათუმის შემოსასვლელში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობა, ისევე როგორც საზღვაო ნავსადგური და ტერმინალი ბათუმის შემოსასვლელშივე შეახსენებს ქალაქის სტუმრებს, რომ ისინი საქართველოს საზღვაო ცენტრში იმყოფებიან. ქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ ბიზანტიური ხანიდან მჭიდროდაა დაკავშირებული შავი ზღვისათვის სტრატეგიულ მისადგომებთან.
საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან.
„დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება – ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმის, როგორც ერთგვარი საზღვაო დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კონტექსტში არ შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმატებული მუშაობა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიოში ნდობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. განსაკუთრებული აღმავლობა სააგენტოს საქმიანობაში შეინიშნება 2012 წლიდან, როცა ევროკავშირის აუდიტის მიერ დადებითი შეფასებები საქართველოს დროშის მატარებელი გემების ე.წ შავი სიიდან საბოლოო ამოღებით დასრულდა“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე.