პუტინი – თურქეთის ხელისუფლება ალაჰმა დასაჯა და მას გონება დაუბინდა
თურქეთის ხელისუფლებას პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება სირიაში რუსი სამხედროების დაღუპვაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალურ კრებაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ „თურქი ხალხი რუსეთის მეგობარია“. პუტინმა ასევე თქვა, რომ მისთვის ანკარის მოქმედება სრულიად გაუგებარია. მოსკოვი კი მრავალ საკითხში ერთობლივ მოქმედებაზე იყო თანახმა.
„მხოლოდ ალაჰმა იცის, რატომ გააკეთეს მათ ის, რაც გააკეთეს. ალბათ ალაჰმა გადაწყვიტა, თურქეთის ხელისუფლება დაესაჯა და მისი გონება დაებინდა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ამ საკითხებში პასუხისმგებლობით მოიქცევა და მომხდარზე იმპულსური რეაგირება არ ექნება.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ სამხედრო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი მხოლოდ პომიდვრებით და სამშენებლო სფეროში აკრძალვებით ამ სიტუაციას თავს დააღწევენ, ძალიან ცდებიან. ისინი საკუთარ საქციელს ძალიან ინანებენ“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.