ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები თურქეთში გამოიფინა
ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად გამოიფინა. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ტრაპიზონის მერთან და გუბერნატორთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი გია თავამაიშვილი და მოადგილე ნათია სირაბიძე, ასევე დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. თურქეთის საკონსულოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოფენაზე ხასან ჰელიმიშის 30 რესტავრირებული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენას მხატვრის ქალიშვილი ნარიმა ჰელიმიშიც ესწრებოდა. არჩილ ხაბაძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელოვნებისა და კულტურის სიყვარულით საქართველო გამორჩეულია.
ამ ძლიერი სიყვარულით აიხსნება ჩვენს ქვეყანაში თვითნასწავლი მხატვრების სიმრავლე. მათ შორის მხოლოდ ფიროსმანის ხსენებაც საკმარისია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრიმიტივისტი მხატვარი იყო. სწორედ ფიროსმანს შეადარა ლაზი მხატვრის – ხასან ჰელიმიშის შემოქმედება არჩილ ხაბაძემ.
„შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ აჭარას თავისი ფიროსმანი ჰყავს. ვისაც ხელოვნება უყვარს და სულ მცირედით ერკვევა ფერწერული ნამუშევრების მნიშვნელობაში, ის პირველივე ნახვისას მიხვდება, რა ნიჭიერ შემოქმედთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, დიდი ხანი არ არის, რაც მისი შემოქმედება ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჰელიმიშის მხატვრობას. ეს იყო ადამიანი, რომელიც ლაზური ხალხური პოეზიისა და პროზის ტრადიციებზე აღიზარდა. ამიტომაც მხატვრის შემოქმედებაში სჭარბობს ლაზეთის, ისტორიული აჭარის სამეურნეო-ყოფითი თავისებურებები. სწორედ ამიტომაცაა მისი ხელოვნება ჭეშმარიტად ხალხური და ყველასათვის ახლობელი. ჰელიმიშის ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიციის შექმნა გახლავთ იმის წინაპირობა, რომ ეს ნიჭიერი მხატვარი მოექცეს როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში. მსგავსი ექსპოზიციები საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სამუზეუმო დარბაზებში ხელს შეუწყობს ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვრის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ჰელიმიშის ფერწერული ტილოები ნებისმიერ საგამოფენო სივრცეს დაამშვენებდა”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ჰასან ჰელიმიში ლაზური ხალხური პოეზიისა და პროზის ტრადიციებზე აღიზარდა. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, კარგად ფლობდა მუსიკალურ და ქორეგორაფიულ ხელოვნებასაც. სწორედ ამიტომ გახდა მისი ხელოვნება ხალხური. ხასან ჰელიმიშის ნამუშევრების გამოფენის ექსპონირება საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სამუზეუმო დარბაზებში ხელს შეუწყობს ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვრის ხელოვნების წარმოჩენას.