თეა წულუკიანმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა
იუსტიციის სამინისტრომ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართა.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უწყების დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციით დღეს გაიგზავნა.
“ჩვენ დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროდან დასკვნა, რომელშიც შეთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტმა, თუკი ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს დასკვნას დაეთანხმება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით ერთთვიანი ვადა მიეცა საკუთარი პოზიციის გამოსახატად, თუმცა ამ პერიოდში უწყებას მისგან პასუხი არ მიუღია.
”ჩვენ გვქონდა ოდესის გუბერნატორისთვის მიცემული დაახლოებით ერთი თვე, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში, რომ გამოეხატა თავისი პოზიცია. მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, თუმცა პასუხი არ გაუცია, ამიტომაც პროცედურა დაიძრა და დასკვნა ხელმოსაწერად უკვე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.