“საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დროებითი მმართველის ინსტიტუტი მხოლოდ ბეჭდვური და ელექტრონული მედიისთვის უქმდება, უცნაურია.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი, რაც გამოქვეყნდა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე “ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელი, რომელიც ამ ნორმის საერთოდ აკრძალვას ითვალისწინებდა, გათვალისწინებული არ არის. გარკვეულწილად გამონაკლისია მხოლოდ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ელექტრონულ და ბეჭდვურ მედიაში მოღვაწეობენ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე “შპს ტელეკოპმანია საქართველო – საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები – 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება და 271-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მოქმედება შეაჩერა.
კერძოდ, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭება შეჩერდა.
აღნიშნული ნორმატიული შინაარსის ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდეა შეჩერებული.