თეა წულუკიანი: რეფორმები გაგრძელდება და არა იმიტომ, რომ ეს ვინმემ გარედან მოითხოვა
„რეფორმები გაგრძელდება და არა იმიტომ, რომ ეს ვინმემ გარედან მოითხოვა“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით,რეფორმები გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ნება, ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს უკეთეს, უფრო ძლიერ სახელმწიფოში.
“ვერც მართლმსაჯულების რეფორმას, ვერც ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანას, იმ პროცესებს, რაც სამი წელია უკვე მიმდინარეობს, ვერაფერი წინ ვერ დაუდგება. რეფორმები გაგრძელდება და ჩვენ ყოველი ახალი მთავრობის პირობებში მოვესწრებით კიდევ უფრო და უფრო ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, უფრო ევროპულ სახელმწიფოს და ინსტიტუციურ დემოკრატიას – ინსტიტუტებს, რომლებიც ძლიერია და საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც რომელიმე ერთ ბელადზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ არის ინსტიტუტებზე დამოკიდებული და დემოკრატიული სახელმწიფოა“,-განმარტა მინისტრმა.
იგი ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა და დასძინა, რომ ეს არცთუ ისე შორეული პერსპექტივაა.
„ღრმად მწამს, შეიძლება ეს ვინმეს ძალიან შორული პრესპექტივა ჰგონია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე, თავად ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი მათთვის კიდევ უფრო სასურველი გახდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.