13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოთხი ოჯახი ქონების საფასურის ანაზღაურებას დათანხმდა
13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა ოთხმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. თბილისის მერიის ცნობით, თამარაშვილის შესახვევის #6-ში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადა. ხუხუნაიშვილების სამსულიან ოჯახს, წიკლაურებისა და დაბრუნდაშვილების ხუთსულიან ოჯახებს კუთვნილი თანხა უახლოეს დღეებში ჩაერიცხებათ. მათივე ინფორმაციით, წყნეთის ხევის 61ა-ში მცხოვრები მოსიკაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულების მიხედვით დათანხმდა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 42 ოჯახს, სულ ჯამში, 11 209 972 ლარი ჩაერიცხა.