დავით დონდუა : საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არსებობს ერთი კონფლიქტი რუსეთთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არსებობს ერთი კონფლიქტი რუსეთთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის შიგნით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის მხარეებად აღიარების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მათი კონფლიქტის მხარეებად აღიარების მომხრეა.
“აზრთა სხვადასხვაობა არაა, ორი სხვადასხვა უწყებაა. ჩვენ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მხარე არის რუსეთი, აფხაზები და ოსები ისევე არიან ოკუპირებული. ის სხვა უწყებაა და მე ჩვენი უწყების სახელით ვლაპარაკობ. ჩვენ არასდროს არ ვამბობთ – “კონფლიქტები”, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა დოკუმენტში წერია ერთი კონფლიქტი რუსეთთან, იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო კონფლიქტი”, – განაცხადა დონდუამ.
კითხვაზე, მთავრობის შიგნით კონსულტაციები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის მხარეებად აღიარების თაობაზე, დონდუა პასუხობს, რომ არა.
“ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ ის, რომ პრობლემა გვაქვს ასევე აფხაზებთან და ოსებთან, ცხადია. შეიძლება ვთქვათ, რომ არ გვაქვს, მაგრამ რეალურად არის ხომ პრობლემა?! ამიტომ მათთანაც უნდა ვისაუბროთ. საუბარი არ ნიშნავს მათი სტატუსის აღიარებას. საუბარია იმაზე, რომ არ მოხდეს მათი სტატუსის აღიარება, თორემ კონფლიქტის მხარედ აღიარება არ ნიშნავს სტატუსის აღიარებას. ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მიღებულ ჩართულობის სტრატეგიაში წერია, სადაც აფხაზეთი და ოსეთი არიან მოხსენებული მხარეებად კონფლიქტში”, – განუცხადა ჟურნალისტებს დონდუამ.
“კავკასიური სახლის” მიერ ორგანიზებულ დახურულ დისკუსიაზე “კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებად აღიარების შესახებ თავისი “სიტყვები უკან არ წაუღია და ამ მიმართულებით მუშაობს”.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”