ერდოღანი – რუსული თვითმფრინავი ავტომატურმა სისტემამ გაანადგურა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახსნა თურქული F-16 ტიპის თვითმფრინავების მიერ რუსულ ბომბდამშენზე შეტევის მიზეზი. მისი თქმით, ცეცხლი ავტომატურ რეჟიმში გაიხსნა. ერდოღანმა ასევე მოუწოდა რუსეთს, „ცეცხლთან თამაშს“ შეეშვას. თურქეთის პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებებს, სადაც ნათქვამია, რომ თურქული მხარის მტკიცება, თითქოსდა, მათ თვითმფრინავი ვერ ამოიცნეს, სრული სისულელეა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ის ინციდენტის შემდეგ ცდილობდა პუტინთან დაკავშირებას, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები 24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვარზე „სუ-24“ ტიპის ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ გართულდა. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს ამზადებს. გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლა შეწყდება.