უკრაინამ რუსეთს ორი დაკავებული რუსი სამხედრო გადასცა

რუსეთის შინაგანი ჯარის ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ხუთშაბათს დააკავეს, რუსულ მხარეს გადაეცა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ რუსეთის შინაგანი ჯარების პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვასილი პანჩენკოვის განცხადებით, უკრაინაში რუსი სამხედროების სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება გადაეცათ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, შინაგანი ჯარის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ მათ გზა აებნათ. ისინი თითქოს მოსკოვიდან კრასნოდარის მხარეში მიდიოდნენ. ჩერტკოვოს სასაზღვრო სადგურში  ჩასვლის შემდეგ ჯარისკაცები სასაზღვრო ნიშნების არარსებობის გამო ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდნენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შემთხვევით, ბოროტი ზრახვისა და იარაღის გარეშე აღმოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები