თურქეთში გაზეთ Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს

გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ (Cumhuriyet) მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და ამავე გაზეთის ანკარის წარმომადგენელი ერდემ გიული, ქალაქებში – ადანასა და ჰატაიში თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (MİT) ტრაილერების მიერ იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით მომზადებული სტატიის გამო დააპატიმრეს.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, – “გაუწევრიანებლად ტერორისტულ ორგანიზაციაზე შეგნებულად და ნებაყოფილობით დახმარება, სახელმწიფოს მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის ჯაშუშობის მიზნით მოპოვება და გახმაურება” სახელდება.
მძიმე ბრალდების მტკიცებულება კი, მხოლოდ გაზეთის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციაა. გადაწყვეტილების მიღებას დუნდარი ასე გამოეხმაურა:
“არ ინერვიულოთ, ეს ჩვენთვის ღირსების მედალია. შიგნითაც და გარეთაც ბრძოლას გავაგრძელებთ”, – განაცხადა მან.
როგორც დუნდარმა აღნიშნა, საჩივარი თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა შეიტანა.
„თუ ხელისუფლება იტყუება, საზოგადოებას ამის ცოდნის უფლება აქვს. ჩვენ ამ უფლების დასაცავად მოვედით. ჩვენ ჯაშუშები, მოღალატეები არ ვართ, ჩვენ ჟურნალისტები ვართ. აქ გაკეთებული საქმე თავიდან ბოლომდე მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობაა. მათ წინაშე იოლად გასაჩუმებელი გაზეთი და ჟურნალისტები არ არიან”, – განაცხადა ჯან დუნდარმა.
ადანაში და ჰატაიში ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერების ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზეთ Cumhuriyet-ის მაისის თვეში გამოქვეყნდა. კამერით გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ტრაილერებიდან ჯერ სამედიცინო პრეპარატების ყუთები გამოჰქონდათ. ყუთების ქვეშ კი, ხელყუმბარებისა და ნაღმმტყორცნების გარდა, კონტეინერები მძიმე ტყვიამფრქვევის ტყვიებით იყო სავსე. ეს ყველაფერი კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანდა. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სტამბოლის მთავარი პროკურორის მოადგილემ ირფან ფიდანმა, გაზეთ Cumhuriyet-ის წინააღმდეგ „ტერორიზმის ბრალდებით“ გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზო პროგრამაში მონაწილეობისას შემდეგი განცხადება გააკეთა. “ამ ინფორმაციის გამომქვეყნებელ ადამიანს, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება, ამას ასე არ დავტოვებ”, -განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები