სოხუმში საკმარისი რაოდენობის საზოგადოებრივი ტუალეტი არ არის

სოხუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სოხუმის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ელენა ატეპინამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად სოხუმის ადმინისტრაციის ბალანსზე 10 საზოგადოებრივი ტუალეტი ირიცხება, მაგრამ მათგან ორი არ მუშაობს.
„ათი საზოგადოებრივი ტუალეტიდან ორი არ მუშაობს. მათი გარემონტება ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ვიმედოვნებ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ტუალეტების გარემონტების ხარჯები ჩაიდება“, -განაცხადა ატეპინამ.
ელენა ატეპინა ამბობს, რომ სოხუმისთვის ათი ტუალეტიც ძალზე ცოტაა. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სოხუმში ტუალეტი ყველა კაფეში და რესტორანშიც არ არის.
„ცივილიზებულ ქვეყნებსა თუ დაწესებულებებში,- ყველგან, სადაც სასმელი იყიდება, ტუალეტიც უნდა იყოს, აქ კი ის კაფეებში და რესტორნებშიც კი არ არის. 2016 წლის ტურისტული სეზონის განხილვისას ჩვენ ამ საკითხს ძალზე მწვავედ დავაყენებთ“, – განაცხადა მან.
კომუნალური მეურნეობის სამმართველოს უფროსის თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტუალეტების დაფინანსება მინიმალურია, ქალაქის ადმინისტრაცია კერძო სტრუქტურებისთვის მათ გადაცემას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები