ცხინვალში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ – „ქალაქში ტერორისტები დადიან“
ცხინვალის მოსახლეობაში უცნობი პირები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქში ტერორისტები დადიან, – ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკი” ავრცელებს.
გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალში 14 ოსი ტერორისტი დადის, მათ შორის ერთი ქალია.
“ისინი დადიან და სკოლის მოსაწავლეებს ეკითხებიან, სად არის სასწავლო დაწესებულების შენობის შესასვლელი და გასასვლელი. ყველა სკოლაში დაცვაა გაძლიერებული“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, გაფრთხილებები „ოსნეტში“ გაჩნდა. მათი ავტორები მოუწოდებენ ცხინვალის მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ და ბავშვებს ყურადღება მიაქციონ. მოსახლეობა ამ ინფორმაციის გამო შეშფოთებულია.
როგორც ცხინვალის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ნელი პლიევამ „სპუტნიკს“ განუცხადა, სკოლებში სიმშვიდეა და უსაფრთხოების არანაირი დამატებითი ზომები მიღებული არ არის. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც „სპუტნიკს“ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ატარებს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.