„ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და, ზოგადად, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი და მისი სიცოცხლე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. როგორც მინისტრმა განაცხდა, რაც პარიზში მოხდა, ეს არის დიდი ბოროტება და დანაშაული, რომელიც კაცობრიობის და მშვიდობისმოყვარე ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
“გულწრფელად ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და, ზოგადად, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი და მისი სიცოცხლე. ეს არის დიდი ბოროტება და დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს კაცობრიობის და მშვიდობისმოყვარე ხალხის წინააღმდეგ. მე ვისურვებდი, რომ ფრანგი ხალხი არ გატყდეს და ასეც იქნება, ვინაიდან ფრანგი ხალხი ძლიერი ხალხია. თუმცა, მათთან ერთად ყველა უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად ვებრძოლოთ ბოროტებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საფრანგეთში. ვუსამძიმრებ და ვისურვებ, რომ ყველა ქვეყანა, ყველა ადამიანი დაცული იყოს მსგავსი უბედურებისგან. ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა, მათ შორის საგანმანათლებლო ნაწილში, რომ ნელ-ნელა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და საერთოდ აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები მსოფლიოში”, -განაცხადა სანიკიძემ.