სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალექსანდრე ქართველის ასოციაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას წარმოადგენენ.
გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, 12:00 საათზე გამოფენას დაათვალიერებენ:
გენერალი უესლი კენ კლარკი (1997-2000 წლებში ხელმძღვანელობდა ნატოს სამხედრო ძალებს ევროპაში. მან 34 წელი იმსახურა ამერიკულ ჯარში და თავდაცვის სამინისტროში. მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო, საპატიო სამხედრო ტიტული და საპრეზიდენტო თავისუფლების მედალი. გენერალი კლარკი ამერიკის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოდა, თუმცა, საკუთარი კანდიდატურა ჯონ კერის სასარგებლოდ მოხსნა. ამჟამად ხელმძღვანელობს პოლიტიკურ კომიტეტს „WesPAC: Securing America“-ს, რომელიც ლობირებს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატებს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებში),  ფრედ გოლდრინგი (პრეზიდენტ ობამას მრჩეველია კულტურისა და ხელოვნების საკითხებში), გიორგი რამიშვილი („სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
18:00 საათზე გამოფენა ოფიციალური გაიხსნება.
„გამოფენა წარმოდგენას შეგიქმნით ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის /1896-1974/) ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები და სხვა. გამოფენა საშუალებას მოგცემთ, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გაადევნოთ თვალი ალექსანდრე ქართველის პროფესიული და პირადი ცხოვრების გზას და გაეცნოთ მის მიერ შექმნილ ლეგენდარულ თვითმფრინავებს“,-აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.
აღნიშნული გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული“.
გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები