სირიის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩებმა მოსკოვში „ორმხრივი ურთიერთობების“ შესაძლებლობები განიხილეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ელჩმა“ რუსეთში ზნაურ გასიევმა და რუსეთის ფედერაციაში სირიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა რიად ჰადადმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. შეხვედრა რუსეთში, სირიის საელჩოში გაიმართა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხადადმა აღფრთოვანება გამოთქვა „სამხრეთ ოსეთის ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდაჭერისთვის ლეონიდ თიბილოვს მადლობა გადაუხადა“.
ზნაურ გასიევის თქმით, „რუსეთმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთი გადაარჩინა, ხოლო ამჯერად სირიის ძმურ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა, რათა არა მარტო მისი სახელმწიფოებრიობა გადაარჩინოს, არამედ მთელ მსოფლიოში სტაბილურობის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს“.