საერთაშორისო კონფერენციაზე მშვიდობის საკითხში ქალების როლზე იმსჯელეს

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მესამე თემატური სესია გაიმართა, რომლის ფარგლებში კონფერენციის მომხსენებლებმა ქალების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მესამე სესიის მოდერატორი ევრო-ატლანტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ელენა მილიჩი იყო. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გარიბალენკო, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანი, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე, ქალთა ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს გენერალური მდივანი ლენა აგი და ბულგარეთის შეიარაღებული ძალების ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნევენა მიტევა.
მონაწილეებმა ქალების როლზე იმსჯელეს მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, განიხილეს, თუ რა გავლენა აქვს იძულებით გადაადგილების პროცესსა და შეიარაღებულ კონფლიქტებს ქალებზე. სესიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და შეიარაღების სექტორების რეფორმებში გენდერული თანასწორობის საკითხზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გენდერული თანასწორობა ფუნდამენტური მნიშვნელობის არის მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ თბილისში ა.წ. 10 ნომბერს ტარდება. მასში 250-მდე სტუმარი და 20-მდე მაღალი დონის გამომსვლელი მონაწილეობს. ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირთან და გაეროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები