სოხუმში უპატრონო პირუტყვის დაკვლას აპირებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებსა და ქუჩებში უპატრონო პირუტყვის წინააღმდეგ ბრძოლაში „რადიკალური“ ზომების მიღებას გეგმავენ. სოხუმის მერის მოადგილე თემურ ტყებუჩავა ქალაქის ქუჩებში მოძრავი უპატრონო პირუტყვის დაკვლასაც კი ითხოვს. შესაბამისი თხოვნით მან სოხუმის საქალაქო საბჭოს მიმართა.
„ყოვლად დაუშვებელია, რომ სოხუმი საძოვრად იქცეს. ძროხები, ცხენები და სხვა ცხოველები ანადგურებენ გაზონებს, ყვავილებს, ხშირად ხდებიან გზებზე ავარიის მიზეზნი“, – განაცხადა ტყებუჩავამ.
სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი აპსირტ კონჯარია ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პირუტყვს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში, თუ ერთი კვირის მანძილზე საქონლის პატრონი ჯარიმას არ გადაიხდის, ცხოველს დაკლავენ და მის ხორცს გაყიდიან.