თემურ ნადარაია – გალის რაიონის მოსახლეობაში ქართული მედია აქტიურ პროპაგანდას ეწევა

ქართული მედია გალის რაიონის მოსახლეობაში აქტიურ პროპაგანდას ეწევა, საქართველოს შემადგენლობაში ერთობლივი ცხოვრების მოწოდებით, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საინფორმაციო ომი ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა და ამ მხრივ ჩვენს მოწინააღმდეგეს ბევრად მეტი საშუალება აქვს, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა ნადარაიამ.
კერძოდ, მან გამოთქვა შიში საქართველოს სოფელ რუხში მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის მშენებლობის გამო, სადაც, ნადარაიას თქმით, არა მარტო მკურნალობას, არამედ აფხაზეთის მოქალაქეთა შორის პროპაგანდისტურ მუშაობას გეგმავენ, რათა მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, ასევე აქ იგეგმება გალის რაიონის მოსახლეობის „დავერბოვკებაც“.
„იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. არ გამოვრიცხავ საქართველოსთან საზღვრის დახურვას იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე აფხაზეთის წინააღმდეგ სამედიცინო სფეროში უპირატესობის გამოყენებას არ შეწყვეტს“, – განაცხადა ნადარაიამ.
მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების საუკეთესო პასუხი საქართველოს პოლიტიკაზე იქნება გალის რაიონში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები