გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი 2“ – ის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მმართველ კოალიციას მიმართავს – ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა არადიპლომატიური გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ავლაბრის რეზიდენციაში გააკეთა.
პრეზიდენტი მიიჩნევს რომ „რუსთავი 2“ ის გარშემო განვითარებული პროცესები, როგორც ქვეყნის შიგნით ვითარებაზე, ასევე საქართველოს საგარეო იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„რუსთავი 2“ -ის საქმის ირგვლივ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა, თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე ავღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს. ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც.
მივმართავ მმართველ კოალიციას, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში, გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად. აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან რომელიც, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით ვითარებაზე, ასევე ჩვენს საგარეო იმიჯზე. უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა, არჩევანის თავისუფლება. ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები