თეა წულუკიანი: “რუსთავი 2” ძალიან საყვარელი არხია, ვერ შევეგუებოდი იმას, რომ მას პროფილი შეუცვალონ

„რუსთავი 2“ არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი საზოგადოების ბევრი წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
თეა წულუკიანის შეფასებით, დვალი, აქიმიძე და საყევარაშვილი გონიერი და ჭკვიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2“ დღემდე აგრძელებდა და გააგრძელებს თავის საქმიანობას.
მისი შეფასებით, ის განცხადებები, რაც დროებითმა მმართველებმა გააკეთეს დღეს, სწორედ ამას ადასტურებს.
“მე ვერ შევეგუებოდი იმას, რომ „რუსთავი 2“-ს დროებითმა მმართველებმა შეუცვალონ პროფილი ან „რუსთავი 2“ გადაიყვანონ სხვა ბრძოლის ველზე, ვიდრე არის თავისუფალი ჟურნალისტიკა.
ამიტომაც, ღიად ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, რომ მე არ შევეგუები, თუკი რომელიმე დროებითი მმართველი „რუსთავი 2“-ის ან ჟურნალისტების, ან „რუსთავი 2“-ის, როგორც სამაუწყებლო კომპანიის, საქმიანობის შეზღუდვას ან რაიმე სახით გადასხვაფერებას დააპირებს. „რუსთავი 2“ არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი საზოგადოების ბევრი წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს. სხვათა შორის, თუ თქვენ გაეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე ურთმელიძემ ჩათვლა, რომ მანამ, სანამ დავა დასრულდება, დროებით მმართველს უნდა ჩაბარდეს ეს კერძო კომპანია, რომ რომელიმე მხარემ, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა და მის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა, მეორე მხრივ კი, ბატონმა ხალვაშმა, თავიანთ სამართლებრივ ბრძოლაში არ დააზიანონ კომპანია. ეს უწერია სწორედ მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც ამბობს, რომ კერძო კომპანია თავისი პროფილით უნდა იყოს დაცული დროებითი მმართველების მიერ. აღმოჩნდა, რომ დროებითი მმართველები, რომლებსაც ჩვენ ვუსმინეთ დღეს ყველამ ერთად, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები არიან და ისინი, ვინც რეალურად ნულიდან შექმნეს ეს კომპანია.
მე დღეს პირველად ვუსმინე დვალს, აქიმიძეს, საყევარაშვილს და რამდენადაც შეიძლება დასკვნები გააკეთო მედიაში გაკეთებული განცხადებებიდან, ისინი ტოვებენ გონიერი და ჭკვიანი ადამიანების შთაბეჭდილებას, და მე არ მგონია, ისინი რაიმე ტიპის გამწვავებაზე წავიდნენ ან ჟურნალისტებთან, ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით მოითხოვონ გადაწყვეტილების აღსრულება.
თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა ყველასთვის და როგორც ერთი მხარის გონივრულობის იმედი მაქვს, ისე გონივრულობის იმედი მაქვს მეორე მხარისა, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა გააგრძელონ საქმიანობა. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ინფორმაცია, მათ შორის, „რუსთავი 2“-გან, რომელიც უკვე მრავალი წლის არხია და მისი შესუსტება ამ სამართლებრივი დავის გამო არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები