თამაზ მეჭიაური: არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ გარკვეულ ძალები “რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პოლიტიზებას და პროცესებში ხელისუფლების შეტყუებას ცდილობენ.
როგორც დეპუტატმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, “რუსთავი 2“ -ის საქმეზე მიმდინარე დავა სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს და ამ დავაში სხვა ძალები არ უნდა ჩაერიონ.
“ეს არის სამართლებრივი დავა ყოფილ და ახლანდელ მფლობელებს შორის, რომელიც უნდა გადაწყდეს და ეს ასეც ხდება. გარკვეული პოლიტიკური და სხვა ძალების მხრიდან არის მცდელობა, ეს დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს და ამ პროცესებში ხელისუფლება შეიტყუოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისინი ხანდახან ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, მანტიის ჩაცმასაც ვერ ასწრებენ, ლამის 5 ნომერი აწერიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც ვცემ მათ გადაწყვეტილებებს პატივს იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დავა ორ მხარეს შორის და არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ დავაში“,- განუცხადა “კვირას“ მეჭიაურმა.
ამასთან, თამაზ მეჭიაური “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ბოლოს გაკეთებული განცხადების გამო აშშ-ს ელჩს აკრიტიკებს და იან კელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება, ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს უფლება, ასეთი ფორმით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებაში, რომელიც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ 5 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება.