ზაქარეიშვილი ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობს და გამოწვევად საოკუპაციო ხაზის ტერიტორიიდან ადამიანების გატაცებას მიიჩნევს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფება, სადაც დეპუტატებს 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშს ჩააბარებს.
სხდომის დაწყებამდე სახელმწიფო მინისტრმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში მოახერხა და გამორიცხა ისეთი საშინელი გამოწვევა, როგორიც იყო ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში.
“ჩვენმა ხელისუფლებამ ამ სამი წლის განმვლობაში მოახერხა და გამორიცხა ისეთი საშინელი გამოწვევები, როგორიც იყო: ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა. გამოვრიცხეთ დევნილების გამრავლება – არცერთი ახალი დევნილი არ გვყავს, არც ერთი საომარ მოქმედებებში დაღუპული ადამიანი არ გვყავს, გამოირიცხა ახალი სოფლების და ქალაქების დაკარგვა, ანუ პრაქტიკულად სამი წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხეს წინა ხელისუფლებებმა, არა მარტო ერთმა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ხელისუფლებას კვლავ რჩება სხვა გამოწვევები, რომელთა შორისაც არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების გატაცება.