პრემიერ-მინისტრი: პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები ამ საქმეს გამოიძიებენ

პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ საქმეს გამოიძიებენ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულებაზე ზეწოლისგან.
„მინდა მივმართო ყველას: შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ – ყველა ერთად უნდა დავდგეთ და არ უნდა დავუშვათ არანაირი არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ საქმეს გამოიძიებენ ბოლომდე, ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რაც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამართალდამცავები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ხალხის დასაცავად, მათი უსაფრთხოებისა და მათი სიმშვიდის უზრუნველაყოფად.
მე მესმის ეს აღშფოთება. მეც მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადების გაკეთება. დღეს ყველას გვმართებს თავშეკავება. მე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, საქართველოშიც და საზღვარგარეთ: თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულებაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით სასამართლოს და მოსამართლეს, რომ მიიღოს ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები