ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სამსახური მუშაობს 24- საათიან რეჟიმში, რათა დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება

უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია მუშაობს 24- საათიან რეჟიმში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინდელი აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენად ამორალურია იმ ადამიანების მიდგომები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ებარათ.
“მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშორებით, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში. გუშინ გავრცელდა ოდესის გუბერნატორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანის გიგა ბოკერიასა და “რუსთავის 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის საუბრების ჩანაწერები. შეუძლებელია, არ შეგაწუხოს, მართლაც, იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც ეს პირები იჩენენ და რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა, ზოგადად, პოლიტიკის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის მიმართ.
ეს ხალხი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს, არის ხალხი, ვინც არბევდა მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის “იმედს” და სხვებს. ვინც ბიზნესმენებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული მთელი წლების განმავლობაში და რომელმაც ციხეში შექმნა სისტემა, რომელმაც ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახე.
მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 3 წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმვალობაში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ გვქონდა გუშინ ოპერატიული თათბირი უსაფრთხოების სამსახურებთან და მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები