ირაკლი სესიაშვილი: “ნაციონალებს” ეს პროცესი ხელოვნურად დესტაბილიზაციისა და რევოლუციისკენ მიჰყავთ

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს უსაფრთხოებას სადმე სუსტი წერტილი აქვს, ძალიან ცდება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრს გიგა ბოკერიას და “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს.
როგორც “კვირას” სესიაშვილმა განუცხადა, ვინც ამ პროცესში ჩართულია და ბოროტი ზრახვები აქვს, ამ ყველაფერს სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს.
“ზოგზოგიერთები რომ გამოდიან მედიის თავისუფლების დროშებით, ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი, რომელსაც მართავს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”. ეს პროცესი ამ პოლიტიკურ ძალას მიჰყავს ხელოვნურად დესტაბილიზაციისა და რევოლუციისკენ, რაც დასტურდება ამ საუბრებიდანაც. ეს არის დანაშაული და ამაზე, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება. მივყვებით ბოლომდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს უსაფრთხოებას სადმე სუსტი წერტილი აქვს, ძალიან ცდება. ვინც ამ პროცესშია ჩართული და ბოროტი ზრახვები აქვს, ამ ყველაფერს სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს, დარწმუნებული ვარ”, – განუცხადა “კვირას” სესიაშვილმა.
ამასთან, მან სხვა ჩანაწერების გავრცელებაც ივარაუდა.
“თქვენ იცით, რომ არის კიდევ სხვა ჩანაწერებიც და ისიც გამოქვეყნდება, დარწმუნებული ვარ. გამოძიება დროულად და ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას”, – დასძინა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები