საქართველოს პრეზიდენტი ნატოს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაზე გაამახვილა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ერთიანი მიზნის მიღწევასა და დემოკრატიული საზოგადოების შენებას ემსახურება. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე და იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელსაც ამ მიმართულებით ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი გადის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნატო, როგორც ალიანსი, იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების, საზოგადოებების და იდეალების ირგვლივ, რომლის საფუძველზეც ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო. ნატო შეიქმნა, როგორც უსაფრთხოების სისტემა იმ სახელმწიფოებისათვის, რომელშიც თავისუფალი ადამინები ქმნიდნენ თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ სახელმწიფოებს და ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებოდა და მტკიცდებოდა ეს სისტემაც. ჩვენი ქვეყანაც სწორედ ისტორიულად ძალიან თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ინდივიდების ერთობაა, რომლებიც თავისუფალი საზოგადოების შექმნისათვის მუშაობენ და მოღვაწეობენ; საზოგადოების, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია ერთნაირად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, შეხედულებები და ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში.
ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს, რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს; ურთულეს რეგიონში ვავითარებთ, ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, რომ ვიყოთ კავკასიაში თანამედროვე თანამშრომლობისა და ერთიან, მშვიდობიან მომავალზე ორიენტირებული რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალა; ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის, იმ რთული გამოწვევების ფონზე, როგორიც გვაქვს უსაფრთხოების, ასევე სხვა კუთხით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თვისობრივად აძლიერებს და ავითარებს, ასევე რეფორმების მუდმივი პროცესის შედეგად, კიდევ უფრო თავსებადი ხდება ნატოს ძალებთან. ეს ჩვენი თავდაცვის სისტემის, შეიარაღებული ძალების დამსახურებაა, რაც უელსშიც აღინიშნა. ამ დამსახურების შედეგად საქართველომ მიიღო თანამშრომლობის ისეთი ფართო პაკეტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ნატოს ისტორიაში მანამდე არ ჰქონია. დღეს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ქმნიან თავიანთ თანამშრომლობას რეგიონში და შესაძლებლობას აძლევენ ევროპის ქვეყნებს ალტერნატიული ენერგომატარებლები და სავაჭრო გზები ჰქონდეთ. საქართველო უმნინელოვანესი ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების თვალსაზრისით; ასევე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კავშირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთი დისკუსიები კიდევ უფრო შორს წაიყვანს საქართვლოს ნატოში ინტეგრირების გზაზე და საბოლოოდ უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომლისთვისაც ჩვენ ძალინ ბევრი გვიშრომია; აგრეთვე უზრუნველყოფს უფრო მეტ მშვიდობასა და განვითარებას როგორც გლობალურად, ისე რეგიონისათვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა. შეკითხვები ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს, მიმდინარე საკითხებსა და ბოლო დროს, და მედიასივრცეში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველო-აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პერსპექტივა ქმნის. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება არაღიარების პოლიტიკისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი სისტემური ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაზე გაამახვილა. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები