„გვარამია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააკავონ“

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე. როგორც შსს-ში აცხადებენ, გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება. მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.|
ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერით საგანგებო განაცხადება გააკეთა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი და შესაძლებელია, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მიიღოს ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი „რუსთავი 2“ იქნება.
„პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას. არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ეს ყურმოკვრით ნაქთვამი არ არის. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარებაზე და შესაძლებელია, მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება „რუსთავი 2“, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი“, – აღნიშნა გვარამიამ, რომლის განცხადებით ამ ქვეყნის მომავალი გადის „რუსთავი 2“ -ზე.
ჟურნალისტის კითხვაზე – რა შეიძლება გახდეს სპეცრაზმის „რუსთავი 2“-ში შესვლის სამართლებრივი საფუძველი? – ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ სამართლებრივი საფუძველი არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც მოსამართლე ურთმელიძეს სჭირდება.
„დღევანდელი ხელისუფლება გასულია კონსტიტუციის და სამართლის მოთხოვნებიდან, დღითიდღე კარგავს ლეგიტიმაციას, შესაბამისად, ნებისმიერ ვითარებაში ეს არის მოსალოდნელი და ამის რისკი მაღალია. ფორმალური წინაპირობა ამისა შეიძლება გახდეს მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ხაზგასმით ვამბობ, არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით, რამდენადაც მოსამართლე ურთმელიძის ყველანაირ გადაწყვეტილებას აპრიორი ვიხილავთ, როგორც უკანონოს, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგს“, – აცხადებს გვარამია.
მისივე თქმით, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას და კომპანიაში არ შეუშვებენ იმ პირებს, ვინც კომპანიას დაასრულებს და ეთერში დატოვებს იმას, რაც უნდა ხელისუფლებას. ეს კომპანია არის ხალხის სამსახურში, სიმართლის სამსახურში. გვარამია ირწმუნება, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ ყველა უფლებას გამოიყენებს და დაიცავს მოქალაქეების თავისუფლებას. გვარამია მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა „რუსთავი 2“, არამედ სიტყვის თავისუფლება და ამ ქვეყნის ღირსეული თავისუფალი მომავალი, „რუსთავი 2“-ის – ამ ქვეყნის მთავარი და მთავრობისგან დამოუკიდებელი ერთადერთი არხი მედიის სადარაჯოზე დადგეს.
„დაიცავით ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი შვილების ღირსეული და თავისუფალი მომავალი. დადექით ჩვენს გვერდით ხვალ პირველი საათიდან. იმდენად, რამდენადაც არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მიუხედავად გვარამიას ამ განცხადებისა, რომელიც ყოველ სასამართლო პროცესზე აანონსებს პროცესის დასრულებას, მან, როგორც იურისტმა, კარგად იცის, რომ დღეს სასამართლო პროცესი დიდი ალბათობით, ვერ დასრულდება, რამდენადაც მხარეებს არ დაუსრულებიათ პროცესუალური ნორმებით განსაზღვრული საკუთარი გამოსვლები. აქედან გამომდინარე, იურისტები და ექსპეტრები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამია მიზანმიმართულად ძაბავს ვითარებას და ცდილობს პროცესების ესკალაციას, რაც ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“.
იურისტი ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გვარამიას განცხადებას კავშირი არ აქვს თავისუფალ სიტყვასთან, რადგან, მისივე თქმით, გვარამია თავად გადის კონსტიტუციური სივრციდან, როდესაც ყოველგვარი ფაქტების გარეშე აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში იგეგმება სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა.
„გვარამია გავიდა კონსტიტიუციური სივრციდან და მისი ეს განცხადება არის იმ სერიალების ახალი ნაწილი, რომელსაც მისი რეჟისორებით გვაყურებინებდა, როგორიც არის ე.წ. ჯაშუშების საქმე, „მოდელირებული „ქრონიკა“ და ა.შ. ჩვენ გვახსოვს გვარამიას განცხადებაც და „იმედში“ სპეცრაზმის შევარდნაც.
„რუსთავი 2“-ს არავინ არ უვარდება, თუმცა, ამას თვითონ ითხოვს გვარამია თავისი განცხადებებით და ქმედებებით. გვარამიასა და მისი ჯგუფისგან მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
იურისტის განცხადებით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოიწვიოს დაპირისპირება.

„გვარამია გადავიდა მარაზმში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამართალდამცავები გარკვეულ პროვოკაციაზე წამოიკიდოს და ის დააკავონ. იმედს ვიტოვებ, რომ გვარამიას მსავსი ტიპის პროვოკაციას არ წამოეგება სამართალდამცავი უწყება. „ნაციონალებს“ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ აღჭურვონ ადამიანების კატეგორია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ადგილებში იწვრთნებიან ადამიანები. დიახაც, ამიტომ არის დამოტაჟებული ის სათვალთვალო კამერები, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაცია იყოს დაფიქსირებული“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ის ისტერიული ფონი, რაც ახლავს სასამართლო პროცესს, კარგად დაგეგმილი ქმედების შედეგია. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ასეთი ისტერიული ფონი, მით უფრო კმაყოფილი რჩება ამ აურზაურის დამკევთი.
„მათთვის მოსალოდნელი იყო იმ ფირების გამჟღავნება, რომელსაც ბოლო დღეებია ადგილი აქვს. ამიტომაც, ცხადია, რომ ამ ისტერიის და პროვოკაციის დამგეგმავი, კიდევ უფრო მაღლი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს. ჩვენი მოსახლეობისათვის ნაკლებად დასაჯერებელია საუბარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. საინტერესოა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რა ჰქონდათ სათქმელი ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც ვერ გამოთქვეს? ასეთი რამ რომ მომხდარიყო, უკვე ჩამოყალიბებული იქნებოდა „რუსთავი 3“, „რუსთავი 4“ და „რუსთავი 5“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ოინები და თვლის, რომ გვარამია სამართლებრივი სივრციდან გავიდა.
„ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობით, არის გაქნილი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც კარგად აქვს ათვისებული საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვადასხვა სქემა. მას უპყრია „რუსთავი 2“- ის მთელი საინფორმაციო სივრცე და ცდილობს, კვლავ სიცრუის ტირაჟირებას და გულაჩუყებული მანდილოსნების მხარდაჭერით შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც მოწონებული იქნება მისი დამკვეთების მიერ.
ჩვენ გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ამ ბატონმა და მისმა ხელისუფლებამ, ლამის, სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, რასაც მოჰყვა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა. რასაკვირველია, გვარამიას არ სურს ჩაფუშული ბუშტივით დარჩეს. მის ჩანაფიქრში, ალბათ, იქნება ის, რომ უფრო გმირული შედეგი მისცეს ამ მარცხს და სწორედ, რომ ამიტომაც არის ამდენი სათვალთვალო კამერების გარშემო მოქცეული“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები