გლდანის მაჟორიტარი: 2016 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა წევრმა ნინო გოგუაძემ გლდანის მოსახლეობას მის სამაჟორიტარო ოლქში და საკრებულოში 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

გლდანის მაცხოვრებლებთან ერთად, შეხვედრას ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრები: ქეთევან ჯოხაძე და დავით უთმელიძე, ასევე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ესწრებოდნენ.

მოხსენება ფრაქციის მიმდინარე წლის საქმიანობას, მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენციის ფარგლებში გაწეულ სამუშაოსა და აქტივობებს შეეხებოდა.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები“ აქტიურად იყო ჩართული 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში, სადაც ფრაქციის წევრების ინიციატივით არაერთი წინადადება იქნა წარდგენილი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური მომსახურებების გაუმჯობესება, სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, გზების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

მისივე თქმით, ფრაქციის წევრები ასევე ჩართულები იყვნენ 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებელ ღონისძიებებში, რაც ბიუჯეტის ფორმირებას, ინფრასტრუქტურის დროულად გამართვასა და ოლიმპიადის ცერემონიალის ორგანიზებაში მონაწილეობას მოიცავდა. კონსერვატორების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარება იყო.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, მერიის შესაბამის სამსახურებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით სკოლების შენობებში გაიხსნა დამატებითი ჯგუფები, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ბაღის გარეთ დარჩენილ აღსაზრდელთა პრობლემები.

ფრაქციის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ნინო გოგუაძის მიერ განხორციელდა მოხალისეთა ჯგუფის შეკრება, რომელიც სვანიძის ქუჩაზე და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდა. ფრაქციის თავმჯდომარემ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის წესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრაქციის მიერ წარდგენილი იყო არაერთი ინიციატივა, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას, კერძოდ, ამ ადამიანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და მათთვის ერთჯერადი დახმარებების გაცემას გულისხმობდა. გოგუაძის თქმით, წარმოდგენილი ინიციატივები წესში სრულად იქნა გათვალისწინებული.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების სტატისტიკაც გააცნო. ნინო გოგუაძის განცხადებით, მოქალაქეები, ძირითადად, დასაქმებას, მედიკამენტებით დახმარებას, ოპერაციებისა და სხვა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, ასევე სოციალური სტატუსის აღდგენასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხის გადაჭრას ითხოვენ.

,,სამაჟორიტარო ბიუროს, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ადგილობრივი გამგეობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების მოთხოვნით შემოსული ყველა წერილი დაკმაყოფილდა. ბიუროს შუამდგომლობით, ასევე განხორციელდა საცხოვრებელი ფართების, მიწის ნაკვეთებისა და ავტოფარეხების დაკანონება. მოხდა სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა, ეზოს შემოღობვა, წითელი ზოლების დადგენა, საფეხმავლო ბილიკებისა და სკვერების მოწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაობის გატარება“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ და აღნიშნა, რომ სამაჟორიტარო ბიუროსა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი სწორედ მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები