ჯარჯი აქიმიძე: მერაბიშვილმა, ოქრუაშვილმა და ადეიშვილმა დაგვათმობინეს წილები და სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის მადლობა გადაგვიხადეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილები დაგვათმობინეს და ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა მადლობა გადაგვიხადეს სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ გადაცემა “მაესტროს ფაქტორში”განცხადა.
ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მას და დათო დვალს “რუსთავი 2”-ის წილები მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა ზეწოლისა და დევნის შედეგად დაათმობინეს.
„ზეწოლისა და დევნის შედეგად, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მაშინდელი სახელმწიფო უმაღლესი პირები – ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი – საბოლოო ჯამში, მე და დათო დვალმა დავთმეთ ჩვენი წილები, გადაგვიხადეს მიზერული თანხა და მახსოვს კარგად, რომ მესამე დღეს გვთხოვეს, მივსულიყავით ერთ-ერთ სამინისტროში, აღარ მახსოვს რომელში, სადაც დაგვხვდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი, მათ გადაგვიხადეს დიდი მადლობა სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის. გვითხრეს, რომ ჩვენ გზა ხსნილი გვქონდა და ამის შემდეგ ჩვენზე შეწყდებოდა ყველანაირი დევნა, ზეწოლა და ა.შ. შეგვეძლო გვეკეთებინა ის, რაც მოგვინდებოდა, თავისუფალი მოქალაქეები ვიყავით დემოკრატიული ქვეყნის და მერე გვთხოვეს, რომ იქნებ, გამოგვენახა დრო და ბ-ნ პრეზიდენტს უნდოდა ჩვენთან საუბარი და მადლობის გადახდა. ჩვენ ამ დროს ეტყობა იმდენად განწირული და შეშლილი სახეები გვქონდა, რომ გვითხრეს “კარგი, კარგი, ყველაფერი გასაგებია” და გამოვედით. ეს იყო ბოლო, ფინალი”, – განაცხადა აქიმიძემ.
აქიმიძემ ასევე გაიხსენა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრები, როდესაც მას და გია დვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების დათმობა მოსთხოვეს.
“პირველი შეხვედრა გვქონდა მერაბიშვილთან და ადეიშვილთან, რესტორან “მეგრელებში”, ვისაუბრეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და პირდაპირ გამოგვიცხადეს: “ჩვენ ვართ, სავარაუდოდ, ორი ვადით მოსულები. ვიცით ტელევიზიის ფასი, ვიცით ტელევიზიას რა შეუძლია, ჩვენ ტელევიზია გვჭირდება და გვჭირდება თქვენი წილი, საკონტროლო პაკეტი” – მე და დათო ვიყავით 60%-იანი წილის მფლობელები. მათ ასევე გვითხრეს: “ტელევიზია ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა გავატაროთ”. ფასზე არ ყოფილა საუბარი. აქამდე არ მისულა საუბარი, რადგან გვითხრეს, რომ ჩვენ უნდა წავსულიყავით და ეროსი დარჩენილიყო გენდირექტორად, რადგან ის მათ სჭირდებოდათ. ჩვენ გაგვეცინა, ავდექით და დავტოვეთ სუფრა. ამის მერე დაიწყო ის, რაც შემდეგ ხდებოდა ხოლმე: ზეწოლა, დევნა, მანქანებით გამოკიდება, აშკარად ტელეფონის საუბრების მოსმენა და ა.შ. ჩვენ რომ მოვიკითხეთ, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, აგვიხსნეს, რომ ეს ყველაფერი შეწყდება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებას და შეთანხმებას მიაღწევდნენ ჩვენთან”, – განაცხადა აქიმიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ იყო მათსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი, აქიმიძე აცხადებს, რომ მის ვინაობას ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს.
“ჩვენ გვყავდა შუამალი, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ, რადგან პროკურატურაში მიცემულია ჩვენება ამის შესახებ და სწორედ უწყების წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე ვერ გავახმოვანებ ჩვენი შუამავლის ვინაობას.სხვათაშორის, ჩვენ პროკურატურას ვუსრულებთ ამ დანაპირებს უკვე სამი წელია”, – აღნიშნა აქიმიძემ გადაცემაში “მაესტროს ფაქტორი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები