შს სამინისტრო ნიკა გვარამიას განცხადებას სიცრუეს უწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები , ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, სრული სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს.
“ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება. მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები ყაზარმულ მდგომარებაზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, შესაძლებელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა მიიღოს ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი “რუსთავი 2” იქნება.
“პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას. არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ეს ყურმოკვრით ნაქვამი არ არის. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარებაზე და შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება “რუსთავი 2”, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი. მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ამ ქვეყნის ღირსეულ და თავისუფალ განვითარებას. თავისუფალი აწმყოს გარეშე საქართველოს არ აქვს თავისუფალი და ღირსეული მომავალი. დღეს, ხვალ, ზეგ, უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის მომავალი გადის “რუსთავი 2″-ზე. ეს ჩვენ არ მოგვიგონია. ეს ჩვენ არ მოგვითხოვია, სამწუხაროდ, გარემოებებმა განაპირობა, რომ ეს ასეა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები