რა კითხვები დაუსვა პრემიერმა შს მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევის საქმის შესახებ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. პრემიერმა გამოძიების შესახებ კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართა.
“ვიცი, რომ თქვენ დაიწყეთ გამოძიება, თუმცა მაქვს განცდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ. ამიტომ გთხოვთ, იქნებ საჯაროდ თქვათ, რა სტატუსი გვაქვს, დაიწყო თუ არა გამოძიება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევასთან დაკავშირებით?”, – მიმართა პრემიერმა შს მინისტრს.
როგორც მღებრიშვილმა განმარტა, არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. მისი თქმით, 22 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება და დაკავებულ იქნა სამი პირი ადმინისტრაციული წესით, რომელთაც სასამართლომ ჯარიმები შეუფარდა.
“ამასთან, რვა სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს გამოძიება დაწყებული და უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.