„ნუ შფოთავთ ნურც „რუსთავი 2“, ნურც „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს“

ნუ შფოთავთ ნურც „რუსთავი 2“, ნურც „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მედია გარემო სრულიად თავისუფალია და ეს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით ტელევიზიის გახსნა 10 დღეშია შესაძლებელი, 3 წლის წინ კი, არათუ 10 დღეში, ამას 10 წელიწადშიც ვერავინ შეძლებდა.
„მაინტერესებს, რამდენმა იცის საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ რამდენ დღეში შეიძლება საქართველოში ტელევიზიის გახსნა. პასუხი არის შემდეგი – საქართველოში 10 დღში შეიძლება ტელევიზიის გახსნა. 10 დღეში სრულდება რეგისტრაცია და შემდეგ 3 დღეში ნებისმიერ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუ რა თქმა უნდა, ის მხილებული არ არის ტერორიზმში და არაა ქვეყნის მტერი, შეუძლია ტელევიზია ნებისმიერი ბარიერების გარეშე გახსნას. 3 წლის წინ, არათუ 10 დღეში, 10 წელიწადში ვერ შეძლებდა ვერავინ ტელევიზიის გახსნას.
სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურეებაა ის, რომ ჩვენ მიერ გატარებული სწორი, დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი არხი. ნუ შფოთავთ ნურც „რუსთავი 2“, ნურც „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს. პირიქით, ვფიქრობ, ესაა ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი მთავრობის. მედიაგარემო აბსოლუტურად თავისუფალია რეგიონში და ჩვენ მართლაც ვართ ლიდერები. ამას ადასტურებს იმ ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ რჩება მედიისთვის ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ ქვეყნად, სადაც მედიათავისუფლება უმაღლეს დონეზეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოში უფრო მარტივად შეუძლია ვინმეს გახსნას ტელევიზია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიასა თუ აშშ-ში.
„მედიაგარემოს თავისუფლებაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე მედიასაშუალება ფუნქციონირებს. მათ არავითარი ხელის შეშლა არ აქვთ ხელისუფლებისგან, პირიქით, აბსოლუტური ხელშეწყობაა. ეს იყო რევოლუციური ცვლილება, რაც ჩვენ განვახორციელეთ. აქედან 170 ავტორიზებული ტელემაუწყებელია და მათგან 35 ღია საეთერო მაუწყებელია. მე ვერ ვიზიარებ იმ კრიტიკას, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დგას „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში, ან მასში ჩართულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები