სოზარ სუბარი: არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა

სტალინი მართლა რომ მოვიდეს, პირველ რიგში, თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს და კაპიტალიზმის გადმონაშთს, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გოგი თოფაძის განცხადებებს.
“მაგალითია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სტალინთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში, თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააციმბირებენ, ხოლო ჩვენთან და თქვენთან მეორე და მესამე რიგში მოვლენ. ამიტომ არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
სუბარი აცხადებს, რომ გოგი თოფაძეს დიდ პატივს სცემს, თუმცა მან ცოტა უფრო მეტად დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს. რაც შეეხება თოფაძის მიერ „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, დევნილთა მინისტრის თქმით, “რუსთავი 2”-მა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და მაინც არსებობს, თუ კიდევ გამოიცვლის მფლობელს, მაინც იარსებებს, ისევე როგორც, თუ არ გამოიცვლის.
ამასთან, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თოფაძის განცხადება ზედაპირული იყო და მას “სიტყვა გაექცა, ისევე როგორც ხშირად გაურბის სიტყვა“.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ „რუსთავი 2“-თან და სტალინთან დაკავშირებით თოფაძის განცხადებებს ემიჯნება, – ამის შესახებ აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც კოალიცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება. მათივე შეფასებით, „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები