თინა ხიდაშელი: “რუსთავი 2” დღეს თავისუფალია თუ არა, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი

მე არ ვიცი, “რუსთავი 2” დღეს თავისუფალია თუ არა, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას: თუ ქიბარ ხალვაში “რუსთავი2”-ს დაიბრუნებს, იქნება თუ არა “რუსთავი 2” უფრო თავისუფალი, ვიდრე ის დღეს არის.
მინისტრმა კი, განაცხადა, რომ მისი შესაფასებელი არ არის ტელეკომპანიის თავისუფლება/ართავისუფლების საკითხი, თუმცა დასძინა, რომ მისი ადგილი არ იქნება მთავრობაში, რომელიც თავისუფალ სიტყვას ებრძვის.
“მაქვს ჩემი პირადი აზრები და პოზიცია, რომელსაც ჩემთვის შევინახავ, ეს არ მიშლიდა ხელს არასდროს, რომ ინტერვიუ მივცე ამა თუ იმ ტელეკომპანიას, ამა თუ იმ ფორმით ვითანამშრომლო, რა ფორმითაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა თანამშრომლობდნენ. თავისუფალი მედია არის ნებისმიერი ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, რომელზეც შენდება დემოკრატიული სახელმწიფოები და ინსტიტუტები. თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი 2004 წლიდან მოყოლებული ქართული ოპოზიციისათვის, რომელსაც მაშინ მეც მივეკუთვნებოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დავუპირისპირდი.
სწორედ იმის გამო, რომ ტელევიზიები ერთმანეთის მიყოლებით მესაკუთრეებს კარგავდნენ და შემთხვევით, მე არავის არ ვაბრალებ, ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხდებოდა ამ ტელევიზიების მესაკუთრე და ხან რომელიმე მინისტრი და ხან რომელიმე მინისტრის ცოლის ძმა. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ადგილი არც ერთი დღე არც ერთ მთავრობაში არ იქნება, რომელიც თავისუფალ სიტყვას დაუპირისპირდება”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები