ოთარ დანელია: საქართველოდან რუსეთში ცოცხალი საქონლის შეტანა 2008 წლიდან აიკრძალა

საქართველოდან რუსეთში ცოცხალი საქონლის შეტანის აკრძალვა 2008 წელს მოხდა და ჩემთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება დღეს აკრძალვის შესახებ განცხადების გავრცელება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ “პალიტრა TV”-ს გადაცემა “საქმეში” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც დანელიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე თევზისა და თევზის ფქვილის ექსპორტია გახსნილი.
“ეს სიახლეს არ წარმოადგენს და 2008 წლის შემდეგ არსებული მოცემულობაა. რას ემსახურებოდა ამ განცხადების გამოქვეყნება, არ ვიცი. არაფერი არ აკრძალულა, რაც აქამდე არ ყოფილა აკრძალული.
2007 წელს საქართველოში პირველად დაფიქსირდა აღნიშნული ჭირი და 2008 წლის შემდეგ რუსეთში ექსპორტი დაიხურა ცხოველური წარმოშობის პროდუქტისათვის. ამ ეტაპზე გახსნილია თევზისა და თევზის ფქვილისათვის და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. ხოლო უშუალოდ განცხადებას რაც შეეხება, ეს სიახლეს არ წარმოადგენს”, – განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიამ დაავადების გამოვლენის ფაქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაავადების ფაქტები 2008 წლის შემდეგ აღარ გამოვლენილა, ხოლო მონიტორინგი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ყოველწლიურად ტარდება.
“როსსელხოზნადზორმა” საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და იმ პროდუქციის შეტანა აკრძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სამმართველო რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში იტყობინება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირისა და დაავადება “თურქულის” კუთხით არსებული არასტაბილური ეპიზოოტური მდგომარეობს გამო, იკრძალება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის, ასევე ქართულ საწარმოებზე შექმნილი იმ პროდუქციის შეტანა, რომელიც სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს (ზედამხედველობას) ექვემდებარება”, – ნათქვამია განცხადებაში.
“როსსელხოზნადზორის” ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა თევზი, ზღვის პროდუქტი და თევზის ფქვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები