ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ

“ჩემი აზრით, ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და ამას ჩვენი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ“, – ასე შესაფასა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვა.
ადვოკატის ინფორმაციით, არცერთი არგუმენტით ექსპერტის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მოპასუხე მხარის წარმომადგენლები მას უსვამდნენ ერთი და იგივე შეკითხვებს, რაც პროცესის გაჭიანურებაზე მიანიშნებს.
“ჩემი აზრით, ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და ამას ჩვენი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ. ვთვლი, რომ არცერთი მტკიცებულებით, არცერთი გარემოებით და არცერთი არგუმენტით დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. სიტყვა საორიენტაციოსთან დაკავშირებით ჰქონდა “რუსთავი 2″-ს შეკითხვები, საორიენტაციო – ასეთი ტერმინი არის თუ არა ბუღალტერიაში, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში, მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი. ნორმალურ ენაზე კი გვესმის, რომ ეს არის დაახლოებითი ფასი. საბაზრო ფასის ზუსტი განსაზღვრა ყოველთვის რთულია. სწორედ ამიტომ დაწერა ექსპერტმა დასკვნაში საორიენტაციო ფასი. ამაზე ექსპერტმა დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა”, – განაცხადა პაატა სალიამ.
რაც შეეხება ექსპერტის დაკითხვის შემდეგ “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ შუამდგომლობას, რომელიც შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნის მტკიცებულებიდან ამორიცხვას გულისხმობს, ადვოკატის განცხადებით, ეს შუამდგომლობა მოპასუხე მხარემ ერთხელ უკვე დააყენა და იგივე შუამდგომლობის უფლება მოპასუხე მხარეს არ აქვს.
პროცესზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ სასამართლო სხდომა პაექრობის ეტაპით გაგრძელდება. რაც შეეხება დაკითხულ ექსპერტს, შოთა ივანაშვილი სასამართლოში თითქმის სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. მან განაცხადა, რომ პაატა სალიას დაკვეთით მოამზადა 2005-06 წლებში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებასთან დაკავშირებით დასკვნა, სადაც საორიენტაციო ფასად 6 მილიონია განსაზღვრული. კამათი სწორედ სიტყვა “საორიენტაციოზე” წარიმართა. “რუსთავი 2”-ის მხარის წარმომადგენლები ექსპერტს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს სიტყვა “საორიენტაციო”, რომელიც, მათი მტკიცებით, საერთაშორისო პრაქტიკაში არ გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები