დავით ნარმანიამ რაიონის გამგებლებს ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დავალება მისცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით რაიონულ გამგეობებს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს და „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ განაცხადა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, შეშით იქნება უზრუნველყოფილი.
„ვავალებ რაიონულ გამგეობებს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, შეშით იყოს უზრუნველყოფილი “, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, შემოწმდეს ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი გათბობით უზრუნველყოფის მიმართულებით.
„საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ყველა საბავშვო ბაღი მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს უახლოეს დღეებში უნდა იქნეს წარმოებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დავალება „თბილსერვის ჯგუფს“ მისცა. „თბილსერვის ჯგუფმა“ უნდა მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები