“ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას“

თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში – ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “რედისონ ბლუ ივერიაში”, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
კონფერენციის სახელწოდებაა – “აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხები”.
პრემიერმა ბიზნესსექტორის განვითარების კუთხით არსებულ კონკრეტულ მიღწევებზე ისაუბრა.
“მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე, ზოგადად, ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში – ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგად მოიტანა მოქალაქეების დასაქმება.
დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა: ,,აწარმოე საქართველოში”, ,,ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის”. მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებში – მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 ათასი ადამიანამდე დასაქმდა.
ეს პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და, ისევ და ისევ, სამუშაო ადგილების შექმნა”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით შემუშავდა ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა”, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმები.
“მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, პირველად განხორციელდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი. ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას და ამავე დროს დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი, მათ შორის, საერთაშორისო შრომის ბაზრებზე. აი, ეს გახლავთ ის ნაბიჯები, რომლებითაც ჩვენ ვცდილობთ დავძლიოთ დასაქმების პრობლემა.
დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციაზე მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, საერთო, რეგიონალურ დონეზე”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები