თინა ხიდაშელი უკრაინელ სტუმრებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ სტუმრებს უმასპინძლა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იგორ დოლჰოვსა და უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილეს ოლექსანდ ლიტვინენკოს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებიც განიხილეს.
„საინტერესო შეხვედრა გაიმართა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, კონფერენციის ფარგლებში ბევრი სტუმარი გვყავდა, მათ შორის იყვნენ უკრაინიდან. ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ პრობლემებზე, ამ პრობლემებისგან შორს არც საქართველოა. მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთი და იგივეა. საუბარი გვქონდა თანამშრომლების ფორმებზე, გზაზე, რომელიც უკრაინამ უნდა გაიაროს ნატოსთან ურთიერთობის კუთხით და რომელიც საქართველოს უკვე გავლილი აქვს. გამოცდილებით, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, შეგვიძლია კარგი სამსახური გავუწიოთ ჩვენს კოლეგებს. ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკრაინას გააჩნია. მოგეხსენებათ, უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აქვს და საქართველოს ბუნებრივია, კვლავ აქვს სურვილი, ამ მიმართულებითაც მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, უკრაინაში საქართველოს თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია და საქართველოში უკრაინის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სერგეი კუნდიუსი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები