უცხოელი სპეციალისტები ქართველ რესტავრატორებს გადაამზადებენ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან ივ ლავუარი და საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე საქართველოში ანტუან ბარდონი მიიღო. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.
თბილისის მერიის ინფორმციით, შეხვედრაზე განიხილეს რესტავრატორთა მოსამზადებელი „საველე სკოლის“ პროექტი, რომელიც რესტავრატორთა უძველესი ფრანგული ასოციაციის მიერ არის ინიცირებული. პროექტი მიზნად ისახავს რვა ქართველი რესტავრატორის მომზადებას, რომლებიც სამომავლოდ რესტავრატორების სხვა ჯგუფებს მოამზადებენ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ქართველ რესტავრატორთა ახალი თაობის მომზადებას და წვლილს შეიტანს ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ფრანკოფონიის მერების ასოციაცია გვეხმარება, რომ მათი გამოცდილება გავიზიაროთ. ისინი გვიფინანსებენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისის განვითარების ფონდში მომზადდებიან რესტავრატორები. აღებული იქნება ერთი შენობა, სადაც ჩატარდება სავალე მოსამზადებელი სამუშაოები, რათა უშუალოდ რესტავრაციის პროცესს გაეცნონ და უცხოელი პარტნიორების გამოცდილება გაიზიარონ ჩვენმა თანამშრომლებმა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის ჟან ივ ლავუარის განცხადებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობა მდიდარია, თუმცა ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი და პროექტი ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.
„პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა რესტავრატორთა მომზადებას, რომლებიც შემდგომ წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში. ყველას ხიბლავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრე, მაგრამ ამ სფეროში ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია და ვფიქრობ, ეს პროექტი თავის წვლილს შეიტანს ამ მნიშვნელოვან საქმეში. პროექტის შედეგი არ იქნება ერთჯერადი. მომზადდება რამდენიმე ახალგაზრდა რესტავრატორი, რომელიც თავის გამოცდილებას გაუზიარებს მომავალ თაობას“, – განაცხადა ჟან ივ ლავუარიმ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ოქტომბრის დასაწყისში, ქალაქ ტუნისში, დასამატკიცებლად წარუდგინა ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომლის გადაწყვეტილებითაც ასოციაციამ პროექტის სარეალიზაციო ხარჯების 80% დააფინანსა. ,,საველე სკოლა” თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებისთვის ერთ-ერთ სარესტავრაციო ისტორიულ შენობაში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები